''აღმოაჩინე შენი სოფლის ტურისტული პოტენციალი'' - ახალი კონკურსი კახეთის რაიონის მცხოვრებლებისათვის
თარიღი:
23 აგვისტო 2012
ShareThis
სტრატეგიული განვითარების სააგენტოს
ხელმძღვანელი ივა დავითაია „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი
საზოგადოების" ცენტრების თანამშრომლებს შეხვდა. ი. დავითაიამ კახეთის
რეგიონის 8 რაიონის 73 სოფლის კომპიუტერული ცენტრების თანამშრომლებს ახალი
კონკურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც სტრატეგიული განვითარების
სააგენტო „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებასთან" ერთად
აცხადებს.
კონკურსი - „აღმოაჩინე შენი სოფლის
ტურისტული პოტენციალი და დაეხმარე შენს სოფელს მეტი შემოსავლის მიღებაში"
მიზნად ისახავს ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნას, სოფლის გარემოს
შესწავლასა და მათი ტურისტული პოტენციალის გამოვლენას. კონკურსის ფარგლებში
კახეთის რეგიონში ტურისტული მარშრუტები და ღირსშესანიშნაობები დაზუსტდება,
განისაზღვრება ის წერტილები - ისტორიული ძეგლები, ბაზრობა, სუვენირების
მაღაზიები, კვების ობიექტები, ხედები, რომლებიც საინტერესო და მიმზიდველია
დამთვალიერებლებისათვის, შეირჩევა ასევე ტურისტულ ბიზნესში ჩართვის
მსურველი ოჯახები.
მარშრუტი შეიძლება მოიცავდეს როგორც ერთ,
ასევე რამდენიმე ტურისტულ ქალაქს ან სოფელს. პროექტში მონაწილე ჯგუფებს
შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ საკუთარი წინადადებები, აღწერონ მათ
მიერ შერჩეული ტურისტული მარშრუტი, დაგეგმონ ექსკურსია, მანძილისა და მისი
დათვალიერებისათვის საჭირო დროის გათვალიწინებით, დაიანგარიშონ ერთი
ტურისტისათვის ექსკურსიის ღირებულება, განსაზღვრონ, დამატებით, რითი
შეიძლება დაინტერსდნენ დამთვალიერებლები, ხომ არ არსებობს რაიმე ლეგენდა ამ
გადმოცემა ამ ადგილის შესახებ, რა ადგილები იქნება გამოყოფილი
პიკნიკასთვის, რათა სტუმარმა დააგემოვნოს ქარული ღვინო და კერძები,
მონაწილეობა მიიღოს ტრადიციულ ქართულ ეთნოგრაფიულ-სამეურნეო საქმიანობაში,
საკუთარი ხელით ამოავლოს ჩურჩხელა, გაეცნოს ქვევრთან და ღვინოსთან
დაკავშირებული სხვა ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიას, დაესწროს
ადგილობრივ სახალხო დღესასწაულებს.
საკონკურსო წინადადებები მსურველებმა 10
სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ. პროექტის გაგაზვნა შესაძლებელია ქ.
თელავის, სიღნაღისა და ყვარლის ტურიზმის ინფო-ცენტრებში ან „კომპიუტერის
ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ოფისების თანამშრომლებთან.
გამარჯვებულები სამ ნომინაციაში შეირჩევა:
- საუკეთესოდ დაგეგმილი მარშრუტი
- ორიგინალური მიდგომა ან იდეა
- მარშრუტის საინტერესო შინაარსი და ფოტომასალა
საპრიზო ფონდი 3000 ლარს შეადგენს.
კონკურსი „აღმოაჩინე შენი სოფლის ტურისტული პოტენციალი და დაეხმარე შენს
სოფელს მეტი შემოსავლის მიღებაში" კახეთის სოფლებში მცხოვრებ
მოსახლეობაზეა ორიენტირებული და მათ საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ
საკუთარი სოფლის უპირატესობა და რესურსი ტურიზმის სფეროში. ტურიზმის
განვითარება კი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დასაქმებისა და ტურისტულ
ბიზნესში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
No comments:
Post a Comment