Monday, January 21, 2013



საქართველოში ზამთრის კურორტებზე დამსვენებელ ტურისტთა რაოდენობამ იმატა სიახლეები, საზოგადოება

23-03-2010, 18:56
ლალი ჩხაიძე
საქართველოში ზამთრის კურორტებზე დამსვენებელ ტურისტთა რაოდენობამ იმატატურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონის კვლევის შედეგები წარმოადგინა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, ტურიზმის სტატისტიკის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. კომისიის წევრები არიან: ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სტატისტიკის დეპარტამენტი, ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, შსს საზღვრის დაცვის პოლიცია და ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია. კომისიის ძირითადი ამოცანა არის ტურიზმის სტატისტიკის სისტემის გაუმჯობესება და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების დანერგვა. ამ მიზნის განსახორციელებლად კომისია თავისი წევრებისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს და დასახავს ტურიზმის სატელიტური ანგარიშების დანერგვისთვის აუცილებელ კვლევებს. ტურიზმის სატელიტური ანგარიშები შეიცავენ განსაზღვრებებს, კლასიფიკაციებს, ანგარიშებსა და ცხრილებს ტურიზმის ძირითადი დარგების წარმოების, ტურისტული დანახარჯების, ინვესტიციების, შემოსავლებისა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების საერთო, კომპლექსური ანალიზისთვის.

ტურიზმის სატელიტური ანგარიშების დასანერგად აუცილებელი სტატისტიკური მონაცემები მოიპოვება ისეთი კვლევებიდან, როგორიც არის საერთაშორისო მოგზაურების კვლევა სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებში.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით, 2009 წლის პირველ კვარტალში კომპანია „აი–პი–არ“–მა ზამთრის ტურიზმის კვლევა ჩაატარა. კვლევა 2010 წლის 22 თებერვლამდე მიმდინარეობდა. კვლევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და სადახლოს, წითელი ხიდისა და სარფის სახმელეთო–სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში იმ უცხოელ ტურისტებთან ჩატარდა, რომლებიც ქვეყნიდან მიემგზავრებოდნენ. კვლევაში 820–მა უცხოელმა ტურისტმა მიიღო მონაწილეობა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ტურისტთა 20%–ს თურქი, 16%–ს უკრაინელი, 12–12%–ს სომეხი და აზერბაიჯანელი, 8%–ს გერმანელი, ასევე ჩინელი, 4%–ს ლიტველი, ასევე ყაზახი და უნგრელი ტურისტები შეადგენენ.

მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გარდა, სჭარბობენ გერმანელი, ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი მოგზაურები.

ტურისტების საქართველოში მოგზაურობის მიზანი არის : საქმიანი და პროფესიული შეხვედრები (30%), მეგობრებისა და ნათესავების მონახულება(25%), დასვენება და რეკრეაცია (23%).

ბიზნესვიზიტორთა უმეტესობა თურქი, აზერბაიჯანელი და სომეხი ტურისტები არიან.

ტურისტთა უმრავლესობა მამაკაცია, მათი საშუალო ასაკი 35–40 წელია. ტურისტთა 47% ნათესავის ან მეგობრის სახლში რჩება, 45% – სასტუმროებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში. ტურისტების საქართველოში დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა 10 ღამეს შეადგენს. მათი 66,8% ქვეყანაში მეგობრის რჩევით ჩამოდის, 7% ტურის ორგანიზებისთვის ინტერნეტს, ხოლო 1,5% – მედიასაშუალებებს იყენებს. ავიარეისებით 23,8% სარგებლობს. ტურისტები საქართველოში, ძირითადად, თურქეთისა და საქართველოს ავიახაზებით ჩამოდიან. უცხოელი მოგზაური საქართველოში საშუალოდ 1500 აშშ დოლარს ხარჯავს, ყოველდღე საშუალოდ 337 აშშ დოლარს. საჰაერო ტრანსპორტით ჩამოსული ტურისტების მგზავრობის ხარჯი 2 347 აშშ დოლარს შეადგენს, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით ჩამოსულების კი 1 038 შშ დოლარს.
ზამთრის სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილებია: ბათუმი, მცხეთა, გუდაური, სიღნაღი და ბაკურიანი. თბილისს მათი აბსოლუტური უმრავლესობა სტუმრობს. საქართველოს უნიკალურ უპირატესობად ტურისტთა 30%–ს ადამიანური ურთიერთობები, ხალხი და კულტურა მიაჩნია, 23,2%–ს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობები, ხოლო 14%–ს – ქართული სამზარეულო.

კითხვაზე, რა პრობლემები შეექმნათ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისას, მათმა 76,8%–მა უპასუხა, რომ პრობლემები არ შექმნიათ. 7,5% პრობლემად გადატვირთულ მოძრაობას მიიჩნევს, 4% – კომუნიკაციას, ხოლო 1,3% – მომსახურების დაბალ დონეს.

„გუდაურსა და ბაკურიანში კერძო სექტორთან შეხვედრასა და ამ კვლევის შედეგების გაცნობას ვგეგმავთ. კომუნიკაციის პრობლემა, ძირითადად, ამ კურორტებზე იქმნება. ვაპირებთ მათთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების შეთავაზებას. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ბათუმი თანდათან არა მხოლოდ ზაფხულის, არამედ ზამთრის კურორტიც ხდება. თურქი ვიზიტორების დიდი ნაწილი ბათუმში საქმიანი შეხვედრების გამო ჩამოდის. აღსანიშნავია, რომ თბილისს ტურისტთა 47,5% სტუმრობს, მეორე ადგილზე არის ქუთაისი (17,2%). წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა ბაკურიანსა და გუდაურში.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2010 წლის განმავლობაში, წელიწადის ოთხივე სეზონზე ჩაატარებს საქართველოში ამ სექტორში არსებული ტენდენციებისა და ქვეყანაში მოგზაური უცხოელი ტურისტების აზრის კვლევას. ასეთი ტიპის კვლევის ჩატარებას იმიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ინვესტორები სტატისტიკით ინტერესდებიან“, – განაცხადა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ჯაყელმა.

No comments:

Post a Comment