Wednesday, January 16, 2013


ტრადიციები საქართველოში
ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში. ეროვნული ტანსამლისაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება იყო. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი ქერის ხმიადა|ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი(იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გუდის ყველი
დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.
ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.

Saturday, 31 March 2012

მესტია როგორც ტურისტული პროექტი


სვანეთი ტურისტების არნახული ნაკადის მისაღებად ემზადება. გრანდიოზულ ცვლილებებში საკუთარი როლის გააზრება ადგილობრივ მოსახლეობას უჭირს.
სვანეთი
თამარ მეფის სახელობის მესტიის საერთაშორისო აეროპორტში საქმიანი ჩოჩქოლია. ახლად დაგებულ, 1200 მეტრი სიგრძის ბილიკზე კანადური ავიაკომპანია Kenn Borek Air-ის თვითმფრინავი ეშვება. მესტიის ნავიგაციის მენეჯერი და ვეტერანი პილოტი, ბენო ნიგურიანი, რეისის შესახებ ინფორმაციას რაციით იღებს. აეროპორტში სამუშაო პროცესი რამდენიმე წამით წყდება - ყველა ერთად უყურებს, როგორ ეხება მიწას თვითმფრინავის ბორბლები.
ეს ის თვითმფრინავია, რომელმაც სვანეთს, ზამთარ-ზაფხულ, ყოველ დაფრენაზე ტურისტების ახალი ნაკადი  უნდა ჩამოუყვანოს. ეს არის მომავალი, რომლისთვისაც სვანეთს უკვე თითქმის ხუთი თვეა, გაცხარებული მშენებლობებითა და ინტენსიური პიარ-კამპანიით ამზადებენ.
ბენო ნიგურიანი აეროპორტის ძველ, საბჭოთა დროს აგებულ და ახალ, შემინულ შენობებს შორის დგას და ამაყად გვეუბნება, რომ თანამედროვე სანავიგაციო და უსაფრთხოების ზომებით აღჭურვილ აეროპორტს ავიარეისების მიღება ცუდ ამინდშიც შეეძლება - ის, რაც მის ახალგაზრდობაში წარმოუდგენელი იყო.
Spend Your Week-end in Mestia (გაატარე შაბათ-კვირა მესტიაში) - ეს ინგლისურენოვანი რეკლამა თვითმფრინავის ერთ გვერდს ამშვენებს და ტურისტებს სვანეთში იწვევს. ეს არის რეგიონი, რომლის განვითარებაც და ქართულ შვეიცარიად გარდაქმნაც ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის უმნიშვნელოვანეს პროექტად იქცა.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის, მაია სიდამონიძის ცნობით, 2010 წელს სვანეთს ოცი ათასი ტურისტი სტუმრობდა. მისი თქმით, 2011 წელს ეს რიცხვი გასამმაგდება.
თვითმფრინავიდან მგზავრები კანტი-კუნტად გადმოდიან. ძირითადად, ეკიპაჟის წევრები არიან.
კანადური თვითმფრინავი მესტიაში ახლა რეგულარულად იფრენს, მანამდე მხოლოდ საცდელი რეისები სრულდებოდა.
სვანეთი, როგორც ზამთრის კურორტი - ეს პროექტიც ჯერ საცდელია.
თუკი სვანეთში წასვლა გსურთ და კანადურ თვითმფრინავში ვერ მოხვდით, მესტიამდე ასასვლელად საავტომობილო გზის გამოყენება მოგიწევთ. საშუალოდ 15-ადგილიანი, ე.წ. «მარშრუტკები» მესტიისკენ დილის 6 საათზე გადის. თუმცა, მგზავრები, შედარებით კომფორტული ადგილების დასაკავებლად, სადგურზე, ყოფილ «ბავშვთა სამყაროსთან», დილის 4 საათიდან იკრიბებიან. ჩაბარგება-ჩალაგების პროცესი საათზე მეტ ხანს გრძელდება. ბოლოს ბარგი «მარშრუტკაში» სართულებად ეწყობა. თუ ბოლო ადგილზე მოხვდით და უთვალავიდან ერთ-ერთ გაჩერებაზე ფეხის გასაშლელად გარეთ გასვლა გადაწყვიტეთ, ორ სათადარიგო სკამსა და რამდენიმე მძიმე ჩანთაზე გადახტომა მოგიწევთ.
11-საათიანი მგზავრობის ყველაზე დამღლელი, მაგრამ ყველაზე ლამაზი მონაკვეთიც ზუგდიდიდან იწყება. აქედან მესტიამდე 136 კილომეტრია, მაგრამ «მარშრუტკა» ამ მანძილის დაფარვას თითქმის იმდენსავე დროს ანდომებს, რამდენიც თბილისი-ზუგდიდის 300-ზე მეტ კილომეტრს დასჭირდა.
მესტიამდე ასასვლელი გზა მშენებლობის პროცესშია. მუშაობა ორი სხვადასხვა მხრიდან - მესტიიდან და ხაიშიდან დაიწყო. მესტიიდან 9 კილომეტრია დაგებული, ხაიშიდან - 15-20. წინასწარი გათვლებით, მომავალი წლის ბოლოსთვის ახალი ბეტონის გზა უკვე მესტიამდე უნდა ავიდეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამ დროის დადგომას უფრო მეტად ელის, ვიდრე თვითმფრინავის დანიშვნას - თუ თბილისი-მესტია-თბილისის რეისი 150 ლარი ეღირება, გამოდის, რომ ეს «მარშრუტკით» მგზავრობაზე თითქმის სამჯერ ძვირი იქნება.
როცა სეტში, მესტიის მთავარ მოედანზე, «მარშრუტკა» ჩერდება, უკვე ბინდი დგას. ჩანთების ზედახორაში საკუთარი ბარგის პოვნა ჭირს. მოედანზე ატალახებული თოვლი დევს.
ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნას სეტი ხარაჩოებით, ამწეებითა და სატვირთო მანქანებით ხვდება. 5-6 შენობის ფასადი უკვე თითქმის მზადაა. პროექტის ავტორი არქიტექტორი მერაბ გუჯეჯიანია. როგორც თავად ყვება, მისი პირველი დავალება  ის იყო, რომ სეტისგან არ მიეღო ე.წ. «სიღნაღი». მეორე მხრივ კი, საჭირო იყო «საბჭოთა პერიოდის უსახური არქიტექტურის საშლელით წაშლა». გუჯეჯიანი ამას ტრადიციული საშენი მასალის - ქვისა და ხის გამოყენებით შეეცადა. უფრო მეტი თავისუფლება კი თავს გამგეობის შენობის დაპროექტებისას მისცა. ასე აღიმართა ტრადიციული სტილის, ხის აივნებიანი და ყავარით გადახურული ნაგებობების გვერდით, გამგეობის შემინული, თანამედროვე შენობა. ამიტომ სეტი დღეს ეკლექტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, იმ ადამიანებს, რომლებიც მთავარ მოედანზე მაღაზიებსა და ფარდულებს ფლობენ, თავიდან სულ სხვა რამ ადარდებდათ: «აქაურები პატარა ფანჯრებს არიან მიჩვეული, ეს მათ დაცულობის შეგრძნებას მატებს, ამიტომ ეშინოდათ, რომ დიდ ფანჯრებსა და ვიტრაჟებს გაუტეხენ, გაძარცვავენ. იმის ასახსნელად, რომ ახლა სვანეთში სხვა დროა, დიდი შრომა დაგვჭირდა», - იხსენებს მერაბ გუჯეჯიანი.
თუკი დღეს გამვლელებს აზრს ჰკითხავთ, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ თითქმის ერთნაირ პასუხებს მიიღებთ: «მოგვწონს, როგორ არ უნდა მოგვწონდეს, პირველად გვიკეთებენ რაღაცას».
შებინდებისას იქვე, მოედანზე დანთებულ ცეცხლზე მუშები ხელებს ითბობენ. ზოგიერთი ყავისფრად გალაქული ხის ფანჯრებიდან საღებავსა და ჭუჭყს ახლად დამონტაჟებული ლამპიონების შუქზე ფხეკს. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდველს საკიდებზე ჩამოკიდებული პალტოები და შარვლები ოთახში შეაქვს და კარს კეტავს. საქონლის ხორცის ფარდული უკვე დაუკეტავთ, მაგრამ ლურსმანზე წამოცმული საქონლის ბარკალი გარეთ დარჩენიათ - «კუბდარი. საქონლის ხორცი» - ლურჯი კალმით წერია ნახევრად ჩამოხეულ ფურცელზე. ამ ორი მაღაზიის გაგრძელებაზე შემინული, ახლად გარემონტებული ოფისია. კედელზე მიმაგრებული აბრა მესტიაში ევროპის შემოსვლაზე მიუთითებს. «ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი» - წერია ტრაფარეტზე. იქვეა დატანილი ყველა უცხოელი ტურისტისთვის კარგად ნაცნობი საერთაშორისო ნიშანი, ლათინური ი - რომელიც ინფორმაციის მაძიებელ სტუმრებს ამცნობს - ეს ის ადგილია, სადაც ყველა კითხვაზე გასცემენ პასუხს.
ცენტრის ინტერიერიც თანამედროვეა: მუქი ხის იატაკი, შავი მეტალის ნათურები, მაგიდაზე ორი თხელმონიტორიანი კომპიუტერი და კომპიუტერთან მჯდარი, გემოვნებით ჩაცმული ორი მესტიელი ახალგაზრდა - ანი გირგვლიანი და დათო ჯაფარიძე.
-           გუშინ არავინ შემოსულა, მაგრამ დღეს ჰოლანდიელები მივიღეთ - რესტორანს ეძებდნენ და სასტუმრო «თეთნულდში» მივასწავლეთ - იქ შედარებით ძვირი ღირს ყველაფერი, მაგრამ ყველაზე ხარისხიანიცაა. მე აქაური ვარ და ვიცი, რომ ზამთარში აქ უამრავი რამ შეიძლება, ნახო. აი, ჩვენი პროგრამა, - ფურცლებს მაწვდის ანა გირგვლიანი.
ტურისტების მოსაზიდად მთავარ ფსონს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ახლად დასრულებულ სათხილამურო ტრასაზე დებს. მესტიაში ორდღიანი ვიზიტის მთავარი ღონისძიება სწორედ ზურულდიდან ჰაწვალამდე სრიალია. ცნობილი იტალიური კომპანია «ლაიტნერის» პროექტით გაყვანილი საბაგირო და სათხილამურო გზა ზღვის დონიდან 2.347 მეტრზე ადის. ზურულდიდან ქვევით, ჰაწვალისკენ დაშვებისას, მზიან ამინდში წინ უშბა და მესტიის კოშკებიანი პეიზაჟი ჩანს, მარჯვნივ - თეთნულდი. აქ 1980-იან წლებში საბაგირო გზა უკვე არსებობდა, მაგრამ დიდხანს არ უმუშავია. «ლაიტნერის» ზედამხედველობით, შპს «საქსპეცტრანსის» სპეციალისტებმა და ადგილობრივმა მუშებმა კი ახალი საბაგირო გზა ორთვენახევარში გაიყვანეს. დაიგო სამი, სხვადასხვა სირთულის ტრასაც.
მალხაზ უდესიანი, რომელიც ჰაწვალში სათხილამურო და საბაგირო გზის ზედამხედველად დარჩება, ამბობს, რომ პირველ სეზონზე, შესაძლოა, სტუმრებს მთლიანად უფასოდ მოემსახურონ. ტურიზმის ცენტრის საინფორმაციო ბუკლეტშიც ფასები ჯერჯერობით მითითებული არ არის.
სრიალის გარდა, ორდღიან პაკეტში მესტიის დათვალიერება, ცხენებით გასეირნება, დაბის ცენტრში მოწყობილ ყინულის მოედანზე ციგურებით სრიალი, ადგილობრივ მკვიდრთან სტუმრობა და საკრავი ინსტრუმენტის, ჭუნირის დამზადების რიტუალის ცქერა შედის.
ტურიზმის ცენტრში გვეუბნებიან, რომ თბილისიდან მესტიაში ორი დღით სათხილამუროდ ასვლა რეალურია, რადგან დაბას თვითმფრინავი მოემსახურება, მგზავრობა კი 1 საათს გასტანს. ამიტომ იქნებ, მესტიაში დასასვენებლად და გასართობად ის ტურისტებიც ავიდნენ, რომლებიც შაბათ-კვირას, თბილისთან სიახლოვის გამო, მანამდე გუდაურში ატარებდნენ.
მალხაზ უდესიანი აცხადებს, რომ სათხილამურო კომპლექსს რამდენიმე პროფესიონალი მაშველი მოემსახურება. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ჯერ მათი ტრენინგი არ დაწყებულა.
«აი, უკვე გაიხსნა სათხილამურო ტრასა და ახლა გაირკვა, რომ კარგად მომზადებული მაშველები არ გვყავს. ამიტომ ახალ კურსს მაშველების მოსამზადებლად თებერვლიდან ვიწყებთ», - აცხადებს მესტიის პროფესიული კოლეჯის დირექტორი ირმა ჯაფარიძე.
პროფესიონალი მაშველების დეფიციტი - ეს ის თემაა, რომელიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია «სვანეთის ტურიზმის ცენტრის» ხელმძღვანელს, ზაურ ჩართოლანსაც ყველაზე მეტად აწუხებს.
«ტურიზმს ვავითარებთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ მთავარი კადრებია. გვგონია, რომ შენობები და ნაგებობები აგვაშენებენ და ამ ყველაფერს რომ პროფესიონალი გამყოლები, მაშველები, საბაგირო გზების მომსახურე პერსონალი სჭირდება - ეს არ გვახსოვს. პროფესიონალების გაზრდა კი წლებს მოითხოვს», - ამბობს ზაურ ჩართოლანი.
დღეს სვანეთში დაახლოებით ასი ოჯახური ტიპის სასტუმროა. თუმცა, 2010 წლის ოქტომბერში ჩატარებულ კვლევაში, რომლის საშუალებითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასტუმროების სტანდარტები განსაზღვრეს, უმაღლესი შეფასება მესტიის არც ერთ მცირე სასტუმროს არ ერგო. თუმცა კომფორტი ტურისტების მისაღებად მათაც აქვთ: ელექტრო-ღუმელებით გამთბარი ოთახები, სამჯერადი კვება, საერთო აბაზანა და საპირფარეშო, ზოგან - ინტერნეტიც კი - ეს ყველაფერი დღეში საშუალოდ 40 ლარად.
2011 წლის ზამთრის სეზონზე ტურისტების მიღების იმედი ბევრს აქვს. მესტიის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ბოძებსა თუ ღობეებზე სახელდახელოდ მიკრულ ინგლისურენოვან წარწერებს, მაგალითად ასეთს: «Guesthouse - KOKA». აქ მაღაზიებსა და აფთიაქებსაც ინგლისური წარწერები აქვს: «Hot Bread», «Market» - გზის გაკვლევა ტურისტს, წესით, არ გაუჭირდება.
თუმცა მესტიის მთავარ მოედანზე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზიის გამყიდველი, ამბობს, რომ უცხო ენა არ იცის და მაღაზიაში შემოსულ ტურისტთან ჟესტიკულაციით ურთიერთობს - «სულ ასე იყო, ახლაც არ გამიჭირდება», - ღიმილით გვეუბნება გოგონა.
რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, მესტიელები თავს დამტყდარი ცვლილების მნიშვნელობას ბოლომდე ვერ ხვდებიან. ჰგონიათ, რომ ტურისტების გამასპინძლებისას «სვანური ეგზოტიკით» გავლენ იოლას. «აქ იმდენად სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, რომ ჩვენ ისედაც ყველას გავაოცებთ», - ამბობს ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროსა და პატარა სასადილოს მეპატრონე. «ტურისტები ჩვენთან ეგზოტიკას ეძებენ, ეს კი უხვად გვაქვს», - საუბარში ერთვება ოფიციანტიც.
ზაურ ჩართოლანის თქმით, ბოლო ტრენინგი მისმა ორგანიზაციამ მცირე სასტუმროების მეპატრონეთა გადასამზადებლად შარშან ჩაატარა. ადგილობრივებს ფინანსურ მართვას, საგადასახადო უწყებასთან ურთიერთობას, ტურისტების მისაღებად სახლის მოწყობას და მათთვის ტურისტული მომსახურების შეთავაზებას ასწავლიდნენ. თუმცა მსგავსი ტრენინგებისთვის ჩართოლანის ორგანიზაციამ უკვე წელს გრანტი ვეღარ მოიპოვა.
2011 წლის გახსნილი სეზონის შემდეგ ირკვევა ისიც, რომ მესტიაში პროფესიონალი და უცხო ენების მცოდნე სამთო გიდების დეფიციტიცაა. ადგილობრივი კოლეჯი გიდებს დღესაც ამზადებს, მაგრამ პროგრამა არასრულყოფილია. ამიტომ თებერვლიდან უფრო რთული, სამსაფეხურიანი, ინტენსიური კურსით დაიწყებენ სწავლას. ეს იქნება ერთადერთი სასწავლებელი მთელ საქართველოში, სადაც სამთო გიდებსა და გამყოლებს მოამზადებენ.
გიდები პროფესიას ხშირ შემთხვევაში მაღალანაზღაურებადი სამუშაოს იმედით ირჩევენ. ისინი სწავლობენ სვანეთის ისტორიას, გეოგრაფიას და შესაბამის ინგლისურენოვან ტერმინოლოგიას, შემდეგ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობით თავი უცხოელებს რომ მოაწონონ. თუმცა ზოგიერთი მათგანი ტურიზმის განვითარებას შიშით ელის:
«ადრე ჩვენთან ღამის ბარები არ იყო, ახლა კი ტურისტებისთვის აკეთებენ. ჩვენს ტრადიციებს არ დავკარგავთ, მაგრამ მგონია, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობის გარყვნას მაინც გამოიწვევს», - ამბობს მომავალი გიდი ანზორ შერვაშიძე.
ანზორი მიჩვეულია რეალობას, როცა ზამთარში, საღამოს 7 საათზე მესტიის ქუჩებში ცხოვრება წყდება. ამ დროს ყველა მაღაზია უკვე დაკეტილია. თუ არ ვცდები, ერთადერთი პატარა, სადღეღამისო მარკეტი «ანა-მარია» აეროპორტის გზაზე მუშაობს. სამაგიეროდ, სასტუმრო «თეთნულდში» ტურისტებისთვის ბარია გახსნილი. ამიტომ იმ ტურისტებს, ვისაც სეტის მოედანზე ციგურებით სრიალი არ სურს, შეუძლია, ღამის მესტიის ხედებით «თეთნულდის» ვიტრაჟიანი რესტორნიდან დატკბეს.
შებინდებისას თანდათან ინთება კოშკებზე დამონტაჟებული პროჟექტორები და მალე, სახლის აივნიდან ჩაშავებულ რელიეფზე განათებული კოშკები ჩანს.
ორი წლის განმავლობაში მესტიაში 23 კოშკი აღადგინეს და გაამაგრეს. თუმცა, როგორც გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის მთავარი სპეციალისტი, მალხაზ ფალიანი ამბობს, სასწრაფო გარემონტება სვანეთში კიდევ 123 კოშკს ჭირდება. თითო კოშკის რეაბილიტაცია, მისი თქმით, საშუალოდ 14-15 ათასი ლარი ჯდება.
მიუხედავად იმისა, რომ მესტიის გამგეობაში არსებობს განყოფილება შემდეგი სახელწოდებით - კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - მას არ ჰყოფნის არც ბიუჯეტი და არც ადამიანური რესურსი, რითაც კოშკების რეაბილიტაციაზე იზრუნებდა. ამ ფუნქციას დღეს მთლიანად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ითავსებს.
მესტიის გამგეობას დასუფთავების სამსახურიც აქვს, მაგრამ მის კომპეტენციაში დაბიდან ნაგვის გატანა არ შედის. ამიტომ მესტია ზამთრის ტურისტულ სეზონს ქუჩის ურნებისა და ნაგავსაყრელის გარეშე ხვდება.
- მე ნაგავს პირდაპირ მდინარეში ვყრი, - გვპასუხობს ერთ-ერთი გამვლელი.
- ჩვენ მინდორში გაგვაქვს და ვწვავთ, - გვეუბნება სასადილოს მეპატრონე.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, შმაგი ნაკანის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მესტიას სანაგვე ურნების დამონტაჟებას მომავალი წლისთვის ჰპირდება. წესით, ამ დროისთვის, მესტიელებს უნდა ჰქონდეთ ნაგვის მანქანაც, ხოლო ლატალი-ლენჯერის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის დაპროექტება უნდა დაიწყოს.
«საფუძვლიანი კვლევისა და კარგი სპეციალისტების მოსაწვევად სახსრები არ გვეყო, მაგრამ ჩვენები იყვნენ ლატალში და თქვეს, რომ ეს კარგი ადგილია ნაგავსაყრელის მოსაწყობად», - დასძენს ნაკანი.
მანამდე კი, ხიდიდან როცა გადაიხედავთ, მდინარის გასწვრივ დამონტაჟებულ მილებს შორის დაინახავთ, ხავსში გაჩხერილ პლასტმასის ბოთლებს, სიგარეტის კოლოფებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენს. «მარშრუტკით» მგზავრობისას კი ხშირად წააწყდებით ამგვარ სცენას: როგორც კი გზა ზუგდიდიდან სვანეთისკენ გადაუხვევს, მგზავრები პარკებში შეგროვილ ნაგავს პირდაპირ ფანჯრიდან ჰყრიან, შემდეგი ლოგიკით: «აქეთ კანონი არ მოქმედებს, ამისთვის არავინ დაგვაჯარიმებს».
«ჩემი მოსაზრებით, რომელსაც მრავალი საბჭოთა და უცხოელი სწავლულისა და პროფესორის აზრი ამყარებს, ზემო სვანეთი მსოფლიო მასშტაბის ალპინიზმის, ტურიზმისა და ექსკურსიების მხარედ უნდა ვაქციოთ... ამისთვის ყველანაირი მონაცემი არსებობს. შესაფერისი კლიმატი, მთის სუფთა ჰაერი, მინერალური წყლების 135 საბადო, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები, მრავალფეროვანი ალპური მინდვრები, დიდებული მყინვარები... ერთი სიტყვით, ეს მხარე შეიძლება, გახდეს საბჭოთა შვეიცარია, რომელმაც ზემოთ აღწერილი მონაცემების გამო, ევროპულ შვეიცარიას შეიძლება, აჯობოს კიდეც. უმაღლესი ორგანოების სათანადო მონდომების შედეგად კი, აქ კულტურის განვითარებაც რეალურია ისევე, როგორც კარგი გზების გაყვანა. თქვენ წარმოიდგინეთ, ტბების მოწყობაც კი იოლი საქმეა... საბოლოოდ, ეს «საბჭოთა შვეიცარია» მთელ დედამიწაზე თავისებურ უნიკუმად გარდაიქმნება და საბჭოთა ხელისუფლებას დიდ შემოსავლებს მოუტანს».
ეს არის ნაწყვეტი 1920-იან წლებში დაწერილი წერილიდან, რომელიც ევროპაში განათლებამიღებულმა ცნობილმა მესტიელმა, სილვესტრ ნავერიანმა ВКП(б)-ს (საკავშირო კომუნისტური პარტიის) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის აღმასრულებელ მდივანს მისწერა.
ამ 7-გვერდიანი მოხსენებითი ნაშრომის დაწერიდან 80 წლის შემდეგ სვანეთი განვითარების თითქმის იმავე ეტაპზეა. თუმცა საკუთარი ბუნებრივი პოტენციალის შემოსავლის წყაროდ ქცევის ისეთი სერიოზული შანსი, როგორიც სვანეთს დღეს აქვს, აქამდე არასდროს ჰქონია.
დღეს სვანეთში რამდენიმე მიმართულებით დაწყებული ცვლილებები ადგილობრივ მოსახლეობას პირველად უჩენს განცდას, რომ კავკასიონის მწვერვალებში გამოკეტილი მხარე სახელმწიფოს რეალურად სჭირდება. მათთვის შთამბეჭდავია ინვესტიციის რაოდენობაც, რომელსაც სახელმწიფო და საერთაშორისო ფონდები სვანეთზე ხარჯავენ. ამის გამო, ბევრი მათგანი, მოუგვარებელ პრობლემებზე, ისეთზე, როგორიც მესტიიდან დანარჩენ სოფლებში ტრანსპორტის დეფიციტია, დღემდე თვალს ხუჭავს და ტურიზმს სვანეთის განვითარებისთვის საჭირო ყველაზე რეალურ გზად მიიჩნევს.
«სვანეთს ახალგაზრდები დაუბრუნდებიან».
«კარგ გზას ვეღირსებით».
«დავსაქმდებით».
«აღარ იქნება გამოკეტილი და მიტოვებული სახლები».
«შემოსავლის წყარო გაგვიჩნდება», - გეგმებს აწყობენ სვანები. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ განვითარებისთვის სჭირდებათ და რაც დღემდე აკლიათ, შეცვლილ რეალობაში საკუთარი როლის გააზრებაა. სვანეთი მართლაც რომ გახდეს ახალი დანიშნულების პუნქტი ტურისტულ რუკაზე (და არა მხოლოდ მთავრობის გასვლითი სხდომებისა და ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას), ამისთვის კარგად აწყობილი ინფრასტრუქტურაა საჭირო, რომელშიც ადამიანებმა საკუთარი საქმე იციან და ტურიზმის განვითარების ახალ გზებს ეძებენ.
ამიტომ სვანეთის რეალური განვითარებისთვის თანაბარი ინვესტიციაა საჭირო როგორც მსხვილ მშენებლობებში, ისე ადგილობრივი მოსახლეობის განათლებაშიც. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იქცეს რეალობად ერთი რიგითი სვანის 80 წლის წინანდელი პროგნოზი და ზემო სვანეთისგან შვეიცარია მართლაც დადგეს.
სვანეთიდან რუსული, დაახლოებით 10-ადგილიანი თვითმფრინავით მოვფრინავთ. ვიდრე კანადური თვითმფრინავის რეისები დაინიშნებოდა, მესტიაში კვირაში ორჯერ ნატახტრის აეროპორტიდან სწორედ ეს თვითმფრინავი დაფრინავდა, თანაც ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომ ფასად - 40 ლარად.
თუმცა მისი რეისები ამინდზეა დამოკიდებული. წამოსვლისას გაგვიმართლა. მესტიაში მოწმენდილი, მზიანი დღე იყო - ისეთი, როცა უშბაცა და თეთნულდიც მკვეთრად ჩანს.
გერმანელი არქიტექტორის, იურგენ მაიერის მიერ დაპროექტებულ აეროპორტის შენობაზე მუშები უზარმაზარ დამუქებულ ფანჯრებს სვამენ, დამლაგებელი ქალები კი უკვე ჩასმულ ფანჯრებს ტილოებით აპრიალებენ.
- აბრა უკვე მზად გაქვთ? შეიძლება, გადავიღოთ? - ვეკითხებით ბრიგადის უფროსს. ის საქმიანად გვიშორებს თავიდან - ჯერ მზად არ არის, და ვერ დაგეხმარებით, ბევრი საქმე გვაქვს, პარასკევისთვის ყველაფერი უნდა მოვასწროთ, - გვეუბნება და კედელზე აყუდებულ შუშებსა და სატვირთო მანქანებისგან ატალახებულ გზაზე მიგვითითებს.
პარასკევს, 24 დეკემბერს მთავრობის სხდომა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მესტიაში გამართა.
მესტიელებისთვის პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების სტუმრობა ზამთრის ტურისტული სეზონის დაწყებას ნიშნავს.
- აი, ჩამოვა პრეზიდენტი და გაიხსნება სეზონიც, - ხშირად გვესმის ეს ფრაზა, მიუხედავად იმისა, რომ სათხილამურო ტრასისთვის საკმარისი თოვლი ჯერ არ დევს.
ათი ადგილი კაბინაში მალე ივსება. კავკასიის თოვლიან ქედს ჩვენი თვითმფრინავის მოძრავი ანარეკლი მიჰყვება. ქვევით გაშლილი კოშკებიანი სოფლები თვითმფრინავის ილუმინატორიდან ნელ-ნელა პატარავდება.
ოთხ წელიწადში აქ საქართველოს პრეზიდენტი ნახევარ მილიონ ტურისტს ელოდება

საზაფხულო ტურები


ბათუმი


მდებარეობს თბილისიდან 350 კმ-ში, შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის საზღვრიდან 15 კმ-ში (9,5 მილი). ბათუმი არის მიმზიდველი ქალაქი და პოპულარული კურორტი მათთვის, ვისაც უყვარს ზღვა და დასვენება. ბაღები და ქუჩები გაფორმებულია ისეთი ეგზოტიკური მცენარეებით, როგორებიცაა: პალმები, ბამბუკები, ევკალიპტები, მაგნოლიები, დაფნები და ა.შქალაქის ჩრდილოეთით არის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდიდარია სუბრტოპიკული და ტროპიკული მცენარეებით. ბათუმი ჩაისა და ციტრუსის მოყვანის ცენტრია. ზაფხული თბილია და სასიამოვნო. ის მშვენიერი ადგილია დასასვენებლად.
ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდანაც. 2009 წლის აგვისტოში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი დამსვენებლებისა - 400 000 ათასი ადამიანი (ეს ოფიციალურად ჩამოსული სტუმრების რაოდენობა. ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედრო სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა. 2010 წელს იხსნება ყველასათვის საყვარელი დელფინარიუმი. ასევე 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის კიდევ 1.5 კილომეტრით დაგრძელება და ამდენად ისე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბულვარი გახდა მსოფლიოში, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. ბათუმში უკვე მოქმედებს შერატონისა და სხვა ბრენდების სასტუმროები. დაგეგმილია უამრავი გრანდიოზული პროექტი. ამდენად, ბათუმი, პორტის გარდა უკვე სხვა მნიშვნელობასაც იძენს. ის გახდა სახე საქართველოს წარმატებისა და აღმშენებლობისა.

ქართული კურორტები... ურეკი

მდებარეობა: დაბა ურეკი მდებარეობს  შავი ზღვის სანაპიროზე. ის დიდი მნიშვნელობის ზღვის კლიმატური კურორტია.
კლიმატი: ჰავა არის ზღვის სუბტროპიკული, აქ იცის თბილი უთოვლო ზამთარი და ცხელი ზაფხული.
ძირითადი სამკურნალო ფაქტორები არის: ქვიშიანი პლაჟი, ზღვა და ზღვის ჰავა.
კურორტის აღწერა: ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ბავშვებისათვის. ამ კურორტის პლაჟის ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ საკურორტო ფაქტორად არის მიჩნეული.
ურეკში საზაფხულო სეზონი ივნისის თვიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

ინფრასტრუქტურა: ურეკში არც თუ ის ებევრი კაფე-ბარი და ღამოს კლუბია როგორც აჭარის კურორტებზე, თუმცა ეს კურორტი დამსვენებლის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. ურეკი იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის და განტვირთვისთვის.
ურეკში არის საკმაოდ ბევრი კეთილმოწყობილი სასტუმრო,  და  დასასვენებელი პუნქტები, ასევე არანაკლებ კეთილმოწყობილი კერძო სექტორი სადაც შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ დაისვენოთ. სასტუმროების ფასი 35 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს, ხოლო კერძო ბინების - 5 ლარიდან 20 ლარამდე

საქართველოს კურორტები

                                                             წყალტუბო

საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა. სამკურნალო მინერალური წყლები სხვადასხვა დაავადებებს ყველაზე ძლიერ წამალზე უფრო ეფექტურად კურნავს, თანაც მინერალური წყლების ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, თუ კი მათ, თან ახლავს მთის ჰაერი, მზის სხივები და ტყის მაცოცხლებელი სიმწვანე.
      წყალტუბო. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო - იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფსდედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ რევმატიული დაავადებებით იმდენად              შეპყრობილი ადამიანები, რომელთაც დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. გაივლიან თუ არა           სამკურნალო კურსს,  რომელიც 25-30 აბაზანისგან შესდგება, მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში საკაცით ჩამოიყვანეს.
           კურორტი წყალტუბო დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, მდინარე წყალტუბოს ხეობაში, ქუთაისიდან    7 კმ-თაა მოშორებული, თბილისიდან – 250 კმ-თი, ხოლო შავი ზღვიდან _ 70 კმ-ით, იგი ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე    მდებარეობს.
     წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს "უკვდავების წყარო". ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები გვაძლევს მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების   საშუალებას.
     უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლების გამო კურორტმა შორს გაითქვა სახელი. მისი მინერალური წყლები განეკუთვნებიან სუსტადრადონულ (1-2,7 ნკ/ლ ან 3; 7,5 მახეს ერთეული ან 40-100 ბკ.)      ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიან წყლებს. წყლის  ბუნებრივი ტემპერატურა (33-350ჩ) საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ის წინასწარი შეთბობის გარეშე.
კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, (ანუ მინერალური წყალი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.
წყალტუბოს მინერალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდებარომ მასშიშემავალი ინგრედიენტებიუმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა.
    
    კურორტზე აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი _ კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი "თეთრი მღვიმის" მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამნკურნალოდ. (ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მღვიმის კეთილმოსაწყობად.)
     ს/ს "ბალნეოსერვისის" ბალნეოთერაპიულ კომპლექსში (სააბაზანო #6, ე.წ. "სტალინის აბაზანა") მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობითა და თერმული აბაზანების, ჰიდრომასაჟის, სამკურნალო ფიზკულტურისა და სხვა სამკურნალო პროცედურების დახმარებით მიიღწევა მრავალი დაავადების ეფექტური მკურნალობა და პროფილაქტიკა.



Thursday, 22 March 2012

როგორ დაიწყო განვითარება ტურიზმმა საქართველოში



მოგზაურობის განვითარების ისტორია დაკავშირებულია ვაჭრობის განვითარებასთან. უძველეს დროში ყველაზე უფრო ცნობილი ვაჭრები ფინიკიელები იყვნენ, რომლებიც აგებდნენ დიდ და მცირე ხომალდებს ღია ზღვაში სამოგზაუროდ. მიწების, რესურსების ფლობისა და ვაჭრობის სურვილი ყოველთვის უბიძგებდა კაცობრიობას სხვა ადგილებში, ქვეყნებსა და კონტინენტებზე მოგზაურობისაკენ. ვაჭრობის შემდგომი გაფართოება მოითხოვდა უფრო მეტ ცოდნას სხვადასხვა ქვეყნისა და მათი მოსახლეობის, აგრეთვე ამ ხალხების წეს-ჩვეულებების შესახებ. ამ მიზნით შორეულ მოგზაურობაში მიემგზავრებოდნენ ძველბერძენი მეცნიერები. ევრაზიის დერეფნის ბუნებრივი ფუნქციით საქართველო წარმოადგენდა „დიდი აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვან მონაკვეთს, ქართლის სამეფოს აღწერისას ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (ძვ. წ. 64-63, ახ. წ. 23-24) ამბობს, რომ ოთხი გზა თავს იყრიდა ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში. მისივე ცნობით, ხალხი მეურნეობასა და მრეწველობას მისდევდა და მარტო თავის მოსახმარად კი არ აკეთებდა, არამედ უცხოეთში გასაყიდადაც. როგორც ივანე ჯავახიშვილი წერს: „ეტყობა აღებ-მიცემობას ფეხი მაგრად ჰქონდა მოკიდებული. კოლხეთში რამდენიმე განთქმული სავაჭრო ადგილი იყო“.
დიდი სავაჭრო გზა, აბრეშუმის გზად ცნობილი, კვეთდა მთელი მსოფლიოს უდიდეს ნაწილს, დაწყებული ჩინეთიდან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით, აღმოსავლეთის ქვეყნებისაკენ. ეს იყო საქონლის, ადამიანებისა და იდეების ტრანსპორტირება ევრაზიის ქვეყნებს შორის. 12 000 კილომეტრზე გადაჭიმული გზა, წარმოადგენდა დამაკავშირებელ არტერიას მსოფლიოს უდიდეს ცივილიზაციებს შორის – ჩინური, მონღოლური, ინდური, სპარსული, რომაული, ბერძნული, ბიზანტიური, მესოპოტამიური და ეგვიპტური. იგი ერთმანეთთან აკავშირებდა თანამედროვე მსოფლიოს 16 სახელმწიფოს: იაპონიას, სამხრეთ კორეას, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, პაკისტანს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, ირანს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, საბერძნეთს, ეგვიპტეს. 
ამ დროიდან იწყება საქართველოში სასტუმროების ტიპის სახლების მშენებლობა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო საქართველოს მდებარეობით. უამრავ ვაჭარს თუ უბრალოდ, მოგზაურს უხდებოდა საქართველოში და საქართველოს გავლით გადაადგილება. საქარავნე გზებზე ყოველი ერთი დღის სავალზე შენდებოდა სასტუმროს ტიპის სახლები. სახლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელწოდებით ფუნქციონირებდნენ: იამი, მანძილი, ასპინძა, მილიონი, ფუნდუკი, ქარვასლა, სასვენია, ხანი, სამადლო. აქედან ქართულია სასვენია, ხანი და სამადლო, ფუნდუკი _ ბერძნული, იამი _ მონღოლურ-თურქული, მანძილი _ არაბული, ქარვასლა _ სპარსული.
1795 წელს ერეკლე II-მ რაფიელ დანიბეგაშვილი სპეციალური დავალებით მიავლინა ინდოეთში, ქ. მადრასში, სადაც ცხოვრობდა ერთი სომეხი დიდვაჭარი;  მას კომერციული ურთიერთობა ჰქონდა თბილისთან. დანიბეგაშვილმა მოგზაურობას 18 წელი მოანდომა და დაწერა თხზულება “მოგზაურობა ინდოეთში”. XIX საუკუნეში საქართველოსა და მთელი კავკასიის სავაჭრო ცენტრი იყო თბილისი. ამ დროს თბილისში იყო ორი მთავარი ბაზარი, 704 დუქნით, რომლებიც უმთავრესად სომეხ, თათარ და ქართველ ვაჭრებს ეკუთვნოდათ. რუს ვაჭართაგან ძალიან ცოტას ჰქონდა საკუთარი საწყობი ბაზარშივე. შუა ბაზარში გამართული იყო სხვადასხვანაირი სახელოსნო: ერთი ქუჩა ეჭირა მხოლოდ მეწუღეებს, მეორე – მექუდეებს, მესამე – მჭედლებს, მეოთხე – ზეინკლებს და ა.შ. ოქრომჭედლები, აბრეშუმის მქსოველნი, მესაჭურვლენი (მეიარაღენი) – ყველა სხვა ხელობის ოსტატები აქ ხალხის თვალწინ მუშაობდნენ.
საქართველოში საშინაო ტურიზმის განვითარების დასაწყისად უნდა ჩაითვალოს 1921 წლის შემოდგომაზე გ. ნიკოლაძის საერთო ხელმძღვანელობით მოწყობილი მასობრივი ორდღიანი წრიული ლაშქრობა მარშრუტით: თბილისი-კოჯორი-კიკეთი-წყნეთი-თბილისი 145 კაცის მონაწილეობით. იმავე წელს, 85 კაცის მონაწილეობით, მოეწყო ერთდღიანი ლაშქრობა მარშრუტით: თბილისი-კოჯორი-კოჯრისციხე-კაბენის მონასტერი-თბილისი. გ. ნიკოლაძის ინიციატივით დამკვიდრდა ყოველ შაბათ-კვირას ერთი-ორი ან რამდენიმე დღიანი ხალხმრავალი ლაშქრობა სხვადასხვა მიმართულებით. ასეთ შეკრება-გასვლებს “გაფრენს” უწოდებდნენ. 1931 წელს შეიქმნა ამიერკავკასიის ფედერაციის პროლეტარული ტურიზმისა და ექკურსიების საზოგადოება, მასვე ჰქონდა თავისი ბეჭდვითი ორგანო, ჟურნალი “ამიერკავკასიის ტურისტი”, რომელიც ქ. თბილისში გამოდიოდა. 1940 წელს გამომცემლობამ “ფიზკულტურა და სპორტი” გამოსცა (ავტორთა ჯგუფის მიერ დამუშავებული) სახელმძღვანელო ტურიზმში, ე. წ. “ტურისტის თანამგზავრი” რუსულ ენაზე, სადაც ტურისტისათვის განკუთვნილ ფრიად საჭირო საკითხებთან ერთად, მოცემული იყო ტურიზმის სახეების მიხედვით რეკომენდირებული მარშრუტები. ამავე წელს შემოიღეს გემით ტურისტული მოგზაურობა შავი ზღვის აუზში, სანაპირო ქალაქების გაცნობა-დათვალიერებით. გამოიცა ტურისტული ბუკლეტი “მზიური საქართველო” ისტორიული ადგილებისა და ძეგლების აღწერითი დახასიათებით ტურისტთა ფართო მასებისთვის. XX საუკუნის 90-იან წლებამდე საქართველოში მოქმედება 65 ტურისტული ობიექტი 20 ათასი საწოლის ტევადობით, რომლებიც განლაგებული იყო 21 ადმინისტრაციული რაიონის ტერიტორიაზე და 800 ათასზე მეტ ტურისტს ემსახურებოდა. საერთაშორისო ტურიზმის ხაზით კი “ინტურისტის” 21 დაწესებულება (სასტუმროები, კემპინგები, მოტელები) 300 ათას უცხოელ სტუმარს მასპინძლობდა. საქართველოზე გადიოდა 87 ტურისტული მარშრუტი (მათ შორის 61 საკავშირო მნიშვნელობის). XX საუკუნის 80-იან წლებში ყოველწლიურად საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა და სამკურნალოდ ჩამოსულ დამსვენებელთა რიცხვი შეადგენდა 4 მილიონ კაცს, მათგან კურორტებზე სამკურნალოდ ჩამოსულთა რაოდენობა 2 მილიონს აღწევდა.
ადრე არსებული სისტემის პირობებში ტურიზმისა და ექსკურსიების ცენტრალური კავშირი ემსახურებოდა ე. წ. “საშინაო” ტურიზმს. ეს კავშირი დაფუძნებული იყო მოსკოვში. აქ მუშავდებოდა და მზადდებოდა სხვადასხვა პაკეტი ან “სალაშქრო მარშრუტი” ტურისტებისათვის, რომელიც მოიცავდა მთელი სსრკ-ის გეოგრაფიულ სივრცეს და წარმომადგენლობები ჰქონდა სსრკ-ის ყველა მნიშვნელოვან ქალაქში, სადაც იყიდებოდა საგზურები საბჭოთა ტურისტებზე. ტურიზმისა და ექსკურსიების კავშირის მომსახურება მოიცავდა საჰაერო ბილეთების უზრუნველყოფას საქართველოსა და სსრკ-ს სხვა ქალაქებისათვის, ექსკურსიების განხორციელების პროგრამებს, ავტობუსების რეზერვირებას, პროდუქტით მომარაგების ორგანიზაციას, მუზეუმებისა და სხვა საინტერესო ადგილების დათვალიერებას. საბჭოთა ტურისტები საქართველოში ჩამოდიოდნენ არა მარტო კულტურული და ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად, არამედ, უფრო მეტად, დასასვენებლად და სამკურნალოდ. საგზურები იყიდებოდა ცენტრალიზებულად მოსკოვში და ნაწილი ეგზავნებოდა თბილისს, ნაწილი კი ნაწილდებოდა საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში, დიდი მოთხოვნა იყო ცენტრალური აზიისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების საგზურებზე. ძირითადად, სწორედ ამან განავითარა ჯგუფური ტურიზმის ფორმა.

No comments:

Post a Comment